სომხეთის და ლატვიის პრეზიდენტებმა მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცეს

სომხეთის და ლატვიის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილს 27 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

„პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს მისალოცი წერილი გაუგზავნა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებასთან დაკავშირებით, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოკლე ინფორმაციაში.

ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა თავის მისალოც წერილში ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ლატვიის „მნიშვნელოვანი პარტნიორია“ და ორ ქვეყანას „მეგობრული“ ურთიერთობები აკავშირებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობის დროს, ჩვენი თანამშრომლობა ფოკუსირებული იქნება განვითარებასა და ერთობლივი მიზნების მიღწევაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი წერილში, სადაც ხაზს უსვამს ასევე ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საჭიროებას.

მარგველაშვილს გამარჯვება უკვე მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა.