სააკაშვილი: ‘ვილნიუსის სამიტზე წავა საქართველოს ახალი პრეზიდენტი’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე არ გაემგზავრება.

ჟურნალისტის კითხვაზე წავა თუ არა ის ვილნიუსის სამიტზე, სააკაშვილმა უპასუხა: „არა. ვილნიუსის სამიტზე წავა საქართველოს ახალი, ალბათ, პრეზიდენტი. ნამდვილად, ეს ჩემი ფუნქცია არ იქნება“.

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე მიიღო ოფიციალური მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, სადაც ის საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. დელეგაციის ზუსტი შემადგენლობა ამ დრომდე საჯარო არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დელეგაციაში წევრთა რაოდენობა შეზღუდულია და შესაბამისად, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები მასში ვერ მოხვდებიან.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას ელის, ხოლო ამ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, მომავალი წლის შემოდგომისთვის არის ნავარაუდევი. 

„ჩვენ გვინდა, რომ იქ [ვილნიუსის სამიტზე] პირველი ნაბიჯი გადავდგათ – უფრო მოკრძალებული, ვიდრე ვარაუდობდით – მაგრამ მაინც გადავდგათ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა სააკაშვილმა 6 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან საქართველოს ახალ პრეზიდენტს და მთავრობას "წარმატება" უსურვა.