სააკაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება, თუ კოალიცია ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.
სააკაშვილმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად მიწვეულია ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე, რომელიც 17 ნოემბერს პარლამენტის ძველი შენობის შიდა ეზოში იგეგმება, 6 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე არ გამოიყენოს პრეზიდენტის რეზიდენციად, არის უპატივცემულობის გამოხატულება.
„ინაუგურაცია არის სახელმწიფო ინსტიტუტის გამოხატულება… ასევე პრეზიდენტის სასახლეა ინსტიტუტი, ასევე ჩვენი დაწესებულება, რომელიც შევქმენით, ასევე კონსტიტუციაა ინსტიტუტი. ჯერ-ჯერობით პატივისცემა არცერთი ჩვენს მიერ შექმნილი ინსტიტუტის მიმართ ჩვენ არ დაგვინახავს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას „ხელის გადაგრეხვით“ ცდილობს.
„თუ ახალი პრეზიდენტი, ახალი მთავრობა გამოიჩენს ახლა მაინც, ბოლო დღეებში პატივისცემას ამ ინსტიტუტების მიმართ, რა თქმა უნდა, მე არანაირი საფუძველი არ მექნება, რომ რაიმე მათ წინადადებაზე უარი ვთქვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ამიტომ, მოდით შევხედედოთ, ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, მაზეგ რა იქნება; მათი აზრები ხშირად იცვლება და ამის მიხედვით ჩემი გადაწყვეტილება იქნება; ეს არის და ეს“, – დასძინა მან.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ ქართული ოცნების მცდელობის ფონზე „გაანადგუროს“ ნაციონალური მოძრაობა, არც ამ პარტიის დეპუტატები და არც მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციას არ უნდა დაესწრონ.
სააკაშვილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მისი უახლოესი გეგმებია „სამეცნიერო, საგანმანათლებლო საქმეები ვაკეთო საქართველოშიც და საზღვარგარეთაც“. მისი თქმით, ის ახლა განიხილავს „რამდენიმე ევროპული და ამერიკული დიდი უნივერსიტეტისგან წინადადებას“ სამეცნიერო ცენტრების შექმნის შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ ამასთან ერთად „შევეცდები, რომ ჩემ პარტიას რჩევით და რაღაცით დავეხმარო“.
This post is also available in: English (ინგლისური)