ფანჯიკიძე ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 14 ნოემბერს ბრიუსელში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მოსამზადებელი სამუშაოების განხილვის მიზნით.
“შეთანხმდნენ, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ… აქცენტი გადავიდეს ამ შეთანხმების მომავალ წელს ხელმოწერისთვის საჭირო კურსის შენარჩუნებაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ამ ხელშეკრულების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია ფულეს პრესსამსახურის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
„მათ ასევე განიხილეს ცოტას ხნის წინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის შემდგომ პროგრესს გაუსვა ხაზი. პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს შორის, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდებიდან იყვნენ, კოჰაბიტაციის პერიოდის დასრულების ფონზე, ევროკომისარმა ფულემ ხაზი გაუსვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პლურალისტურ დემოკრატიად დარჩეს ძალაუფლების ეფექტური გადანაწილების სისტემით, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებით და მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ხელშეწყობით“.
ფულემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის შეშფოთება სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესთან დაკავშირებით.
იმავე დღეს ფანჯიკიძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ჰელგა შმიდს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)