უცხოური დელეგაციები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში ჩამოდიან

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე შაბათს საღამოს თბილისში ჩამოვიდა  არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად.

გრიბაუსკაიტე, რომელიც იმავდროულად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელია უცხოეთიდან, რომელიც ინაუგურაციას დაესწრება. ღონისძიება თბილისის ცენტრში მდებარე პარლამენტის ძველი შენობის ეზოში 17 ნოემბერს გაიმართება.

ინაუგურაციის ცერემონიას დაახლოებით 50 ქვეყნის,  საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების დელეგაციები დაესწრებიან.

აშშ–ის დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შედიან USAID–ის ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია.

უცხოელ ოფიციალურ სტუმრებს შორის ასევე არიან: აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი; სომხეთის, რუმინეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; ირანის, მოლდოვას, ბულგარეთის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები; პორტუგალიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; იაპონიის საპარლამენტო ვიცე–მინისტრი საგარეო ურთიერთობების საკითხებში; ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტი; პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე–სპიკერი; ბელარუსის პარლამენტის ვიცე–სპიკერი; თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; ყატარის კულტურის მინისტრი; თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრი; უკრაინის ვიცე–პრემიერი.  

ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა.

რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ და ახალმა მემარჯვენეებმა, ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა პოლიტიკური პარტიები არ მიიწვია ინაუგურაციაზე. ზოგიერთებმა ცერემონიის პარლამენტის ძველი შენობის ეზოში გამართვის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ინაუგურაციის ცერემონია ზომიერი იქნება; ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, მარგველაშვილი გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს; შემდეგ გაიმართება ქართული ხალხური ანსამბლის კონცერტი და მიღება მოწვეული სტუმრებისთვის.

იმავდროულად, 16 ნოემბერს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის წინ დიდი რაოდენობით ადამიანი შეიკრიბა, რადგანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოება სასახლის დასათვალიერებლად მიიწვია.

შუშის გუმბათიანი პრეზიდენტის სასახლე, რომელსაც წინა ხელისუფლებამ ჩაუტარა რეკონსტრუქცია, პრეზიდენტის რეზიდენციის სტატუსს დაკარგავს – ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა გააკრიტიკა, როგორც უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. „თუ არ მოგწონთ, რომ აქ სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ. შეგიძლიათ სხვა მანიპულაციებიც ჩაატაროთ, რომ ამ შენობიდან ჩემი სული განდევნოთ, მაგრამ ინსტიტუტი არ უნდა განდევნოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა ნოემბრის დასაწყისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)