მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო ურთიერთობებში მრჩეველი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, რომელიც პარალელურად პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობას შეასრულებს უშიშროების საკითხებში.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 21 ნოემბერს მოაწერა ხელი.

ირინა იმერლიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ბოკერია შეცვალა, რომლსაც ეს პოსტი 2010 წლის ნოემბრიდან ეკავა და 16 ნოემბერს საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გადადგა.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც 17 ნოემბერს ამოქმედდა, უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება შეიზღუდა; უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება, შემოიფარგლა მხოლოდ სახელმწიფო თავდაცვის საკითხებით და მას აღარ ექნება უფლება კოორდინაცია გაუწიოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა სხვა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას.

დღესვე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით მის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მიხელ მაჭავარიანის ძმაა; ვანო მაჭავარიანი 2007–2009 წლებში საქართველოს პირველი ელჩი იყო იაპონიაში; 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)