საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა

თბილისში ვიზიტად მყოფი საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ნიკოლ ბრიკი 25 ნოემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები ქართულ-ფრანგული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი იყო, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება იგეგმება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო ერთ წელიწადზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება – ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ საფრანგეთის მხარესთან აქტიურად ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე „იმედის მომცემი“ უწოდა მოსალოდნელ შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან, რომელიც 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში იგეგმება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ნიკოლ ბრიკს ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შეხვდა, მიესალმა საფრანგეთის „აქტიურ მხარდაჭერას“, რომელიც მან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის მომზადების საქმეში გამოიჩინა.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ცალკე შეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, სადაც საფრანგეთის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნა იგეგმება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება მხარეებს შორის.  

„თბილისში გაიხსნება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისი, რაც მნიშნელოვანია ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისთვის. შევთანხმდით, რომ ორივე მხარე ვიმუშავებთ ქართულ-ფრანგული ბიზნესფორუმების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ მხარეთა „საერთო მიზანია, საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა“.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 164.3 მლნ დოლარს შეადგენს.  ამ პერიოდში იმპორტმა საფრანგეთიდან საქართველოში 141.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან საფრანგეთში 22.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)