მარგველაშვილი რუსეთზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბრობს
რუსეთს ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსიდან გადაიყვანოს და მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში შეუშალოს ხელი, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
3 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არასწორი იქნება „აპრიორი იმის თქმა“, რომ რუსეთი ზეწოლას მოახდენს საქართველოზე.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ“, – განაცხადა მან.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ითვლის რისკებს“ რუსეთთან ურთიერთობების წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.
„არ მინდა, რომ წინასწარ განვაცხადოთ, რომ უკვე საშიშროება არსებობს… პანიკა არ უნდა დავნერგოთ. უკვე რომ ვთქვათ, რომ უკრაინაში ეს მოხდა და ბუნებრივია იგივე მოხდება [საქართველოში], ეს არის არასწორი რეაქცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინაში მოხდა და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ ძალიან კონცენტრირებული ერთი მიმათულებით – რომ უნდა მოხდეს საზოგადოების მოდერნიზაცია და რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში უნდა მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა მან.
„წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ ვითვლით რისკებს. და რისკებს როდესაც ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია და და ნაკლები შესაძლებლობა, რომ მოხდეს ჩვენზე რაიმე ზეგავლენა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის გახსნილი ბაზარი ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს ბაზრის ხელახალი დახურვის გზით, მარგველაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.
მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის ის ბერკეტი, რომელიც გადაწონის საქართველოს ევროპულ არჩევანს და აიძულებს ქვეყანას, რომ შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა არ მიაღწევს ისეთ მასშტაბებს, რომელიც საქართველოს „დესტაბილიზაციას“ გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუ რუსული ბაზარი კვლავ დაიხურება.
„რუსეთმა საქართველოს მიმართ, პრინციპში, უარყოფითი ზემოქმედების რესურსი ამოწურა“, – განაცხადა მან.
რუსული ბაზრის გახსნამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას, ძირითადად გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2013 წლის იანვარ–სექტემბერში, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 501.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2012 წელს რუსეთი საქართველოს მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში – მეხუთე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა რუსეთში სამჯერად ზრდას გადააჭარბა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 103.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად რუსული ბაზრის გახსნის შედეგად.
2013 წლის იანვარ–სექტემბერში ღვინის ექსპორტი 73.9%–ით გაიზარდა და 74.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.7% შეადგინა. მინერალური წყლების ექსპორტი 60.1%–ით გაიზარდა და 72.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.6%–ს შეადგენს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ არ უნდა თქვას უარი რუსეთთან ვაჭრობაზე მხოლოდ იმ შიშის გამო, რომ ერთ დღეს რუსეთმა შესაძლოა კვლავ დაუხუროს საკუთარი ბაზარი ქართულ პროდუქციას.
„ეს ისეთი იზოლაციონისტური ლოგიკაა, რომელსაც არ მივყავართ დადებითამდე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საექსპორტო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია მოხდეს.
მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის შესაძლო გარე ზეწოლის მიმართ არის ის, რომ ქართული საზოგადოება არის უკიდურესად კონსოლიდირებული ევროპული არჩევანის თაობაზე. თუმცა, მან ასევე არ გამორიცხა ქვეყნის შიგნით რუსეთის მიერ ზოგიერთი „რადიკალური ჯგუფების“ გააქტიურება და შემდეგ ამ რადიკალური ჯგუფების მიმართვა ევროპული არჩევანის წინააღმდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)