სააკაშვილმა კიევში მომიტინტეებს სიტყვით მიმართა
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს კიევში ევროპაში ინტეგრაციის მომხრე მომიტინგეებს სიტყვით მიმართა.
„უკრაინის ტრიუმფი დაასრულებს ვლადიმერ პუტინის ერას და ეს დაიწყება აქ, სწორედ ამ მოედანზე“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა, რომელმაც 1992 წელს კიევში ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა მას შემდეგ, რაც უკრაინაში იმსახურა საბჭოთა სასაზღვრო ძალებში, უკრაინულ ენაზე მიმართა მომიტინგეებს.
პარასკევს კიევში ჩასვლის შემდეგ, სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ნოემბრის დასაწყისში დატოვა, უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდა, რომლის პარტიაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორია. კლიჩკო 2012 წლის დეკემბერში თბილისს სტუმრობდა და ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დაესწრო.
„მე ვარ ქართველი, მე ვარ უკრაინელი, და ამიტომ მე ვარ ევროპელი“, – მიმართა სააკაშვილმა მომიტინგეებს.
მანამდე შაბათს, სააკაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს კიევში, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „სასიცოცხლო მნიშვნელობა“ აქვს საქართველოსთვის. „ნამდვილად, საქართველოს ბედიც აქ წყდება. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ პასიური დამკვირვებლები ვიყოთ“, – განაცხადა მან.
უკრაინიდან სააკაშვილი მოლდოვაში ჩავიდა. სადაც მოლდოვას ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)