წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იანვარ–სექტემბერში 2.8%–ით გაიზარდა 697.3 მლნ აშშ დოლარამდე



პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011–2013 წლებში კვარტალურად. პარამეტრები მოცემული აშშ მილიონ დოლარში. 2013 წლის პარამეტრები ეფუძნება წინასწარ მონაცემებს. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 9 დეკემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.8%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 697.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 238.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.7%–იანი ზრდაა წინა კვარტალთან და 20%–იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, წამყვანი ეკონომიკური სექტორები, რომლებშიც 2013 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, იყო საფინანსო სექტორი – 47.7 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 47 მილიონი აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 33.4 მილიონი აშშ დოლარი; მშენებლობა – 21.4 მილიონი აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 17.1 მილიონი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 11 მილიონი აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 10.6 მილიონი აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 5.5 მილიონი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)