ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი პროკურატურამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა
მთავარმა პროკურატურამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი დ კახაბერ ბუცხრიკიძე 20 დეკემბერს მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა.
ღვინიაშვილის დაბარება, პროკურატურის თქმით, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ თბილისის პროკურორად მისი მუშაობის პერიოდში ჰქონდა ადგილი გირგვლიანის „თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, ხოლო ბუცხრიკიძის შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდში გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებას „უკანონოდ“ ტოვებდნენ და "კანონით აკრძალული" სხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.
დეპუტატმა ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, რომ „ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ახალი შემოტევის ტალღის ნაწილი“, ის არ გამოიყენებს სადეპუტატო იმუნიტეტს და „გამონაკლისის სახით“ გამოცხადდება პროკურატურაში, ვინაიდან „გირგვლიანის საქმე წარმოადგენს საზოგადოების ძალიან მაღალ ინტერესს“.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს; ასევე დათა და ბაჩო ახალაიებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)