ევროკავშირს სურს დააჩქაროს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა საქართველოსა და მოლდოვასთან
ევროკავშირს სურს დააჩქაროს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა საქართველოსა და მოლდოვასთან და „ყველაზე გვიან“ ეს 2014 წლის აგვისტოთვის გააკეთოს, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ბრიუსელში 20 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი მოაწერონ ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან, როგორც კი ქვეყანა ამისთვის მზად იქნება. მან ასევე განაცხადა: „რასაც ჩვენ მაიდანზე ვხედავთ არის სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის. თავისუფლების ეს წყურვილი არ გაქრება“.
„ევროკავშირთან დაახლოების ამ სწრაფვას ასევე იზიარებენ საქართველოს და მოლდოვას ხალხები. ევროპული საბჭოს გზავნილი ამ დილას არის ის, რომ ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით დავდგებით მათ არჩევანში, და ჩვენ გვინდა დავაჩქაროთ მათთან შეთანხმებების ხელმოწერა, ყველაზე გვიან მომავალი წლის აგვისტოსთვის“, – განაცხადა ვან რომპუიმ.
საქართველომ და მოლდოვამ ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე განახორციელეს.
სექტემბერში ევროკომისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს განზრახვა, რომ დააჩქარონ პროცესი და მოამზადონ ასოცირების შესახებ შეთახმებები საქართველოსთან და მოლდოვასთან, რათა მოქმედი კომისიის უფლებამისილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მათი ხელმოწერა – ეს ვადა 2014 წლის 31 ოქტომბერს იწურება. მანამდე, ხელმოწერის პოტენციურ ადგილად და თარიღად განისაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 2015 წელს. ვან რომპუის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებამდე, ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები ხელმოწერის შესაძლო თარიღად 2014 წლის სექტემბერს ასახელებდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)