ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივას

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება იმ ფაქტს, რომ 1 იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის უწყებას "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი" დაერქმევა.
 
„ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ზოგადად გააგრძელოს ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით“, – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც ასევე შეთანხმებულია საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების  ელჩებთან. 

განცხადება ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „აფასებს“ ზაქარეიშვილის უწყებისა და „მშვიდობისა და შერიგებისათვის მომუშავე ყველა მხარის ძალისხმევას, პრაგმატიზმსა და შემართებას“.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩები გააგრძელებენ ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ჩართულობის გაღრმავების მიმართულებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის პირდაპირ კონტაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით 7 დეკემბერს მიიღო და სადაც „მიესალმა“ დაგეგმილ ცვლილებებს, „თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს კანონის შემდგომი გაუმჯობესების პოტენციალი“.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ეს ცვლილებები, რომელიც  სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, პარლამენტში შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ის პირველი მოსმენით 17 მაისს მიიღეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)