პროკურატურა თბილისის მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა 48.18 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე.

ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ასევე მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, უგულავას თბილისის მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება.

პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ გიგი უგულავას დამატებითი ბრალდებები 18 დეკემბერს წარუყენა. საქმე მოიცავს ორ ეპიზოდს და ორივე მათგანი, პროკურატურის განცხადებით, უკავშირდება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში.

ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის მოტივად ასახელებს იმას, რომ  უგულავასთვის წაყენებული ბრალი წარმოადგენს „განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

განსხვავებით ამ შემთხვევისგან, პროკურატურამ მანამდე, 2013 წლის თებერვალში უგულავასთვის სხვა საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებებზე აღკეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის გირაოს გადახდა და მისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობის დაყენებით, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

თბილისის მერისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმესთან დაკავშირებით თებერვალში წარდგენილ ბრალდებებზე ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გიგი უგულავა მის წინააღმდეგ ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)