უგულავა თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში თავად აპირებს დატოვოს პოსტი

გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერა, განაცხადა, რომ იგი განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას, რათა თანამდებობის აღდგენას მიაღწიოს და წარმატების შემთხვევაში, იგი თავად გადადგება, რათა აჩვენოს, რომ იბრძვის არა თანამდებობისთვის, არამედ პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან  გადაყენების „საშიში პრეცედენტის“ წინააღმდეგ.

უგულავას ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„ჩემთვის არ არის ეს ბრძოლა თანამდებობისთვის.  ეს არის ბრძოლა იმ პრინციპისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ვინც არ უნდა იყოს არჩეული, გინდა თბილისში, გინდა ახალციხეში, ადიგენში და თელავში, ასე პარტიზანული მეთოდით მოესურვება და გადააყენებს, მოესურვება და შეუჩერებს უფლებამოსილებას, ეს არ მოხდეს. მე ამას თუ მივაღწიე, მეორე დღესვე მე თვითონვე დავწერ განცხადებას და მე თვითონვე ვიტყვი, რომ ვიჩერებ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილებას, მთელ ჩემ დარჩენილ პერიოდს მივუძღვნი იმას, რომ ვიარო სასამართლოში და ამ ხალხს დავუმტკიცო, რომ ეს ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის წამოყენებული, არის თითიდან გამოწოვილი“, – განუცხადა გიგი უგულავამ „რუსთავი 2“–ს 22 დეკემბერს. 

„მე თვითონვე გავაკეთებ იმას, რასაც დაჟინებით მოითხოვს, ხელების გრეხვით, სასამართლოს საშუალებით პროკურატურა და დღევანდელი მთავრობა“, – დასძინა მან.

პროკურატურამ გიგი უგულავას დამატებითი ბრალდებები 18 დეკემბერს წარუყენა. საქმე მოიცავს ორ ეპიზოდს და ორივე მათგანი, პროკურატურის განცხადებით, უკავშირდება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. 

უგულავას 2013 წლის თებერვალში უკვე წაუყენეს ბრალი ანალოგიურ, თუმცა ცალკე საქმეზე.

უგულავა, რომელიც თბილისის პირველი პირდაპირ არჩეული მერია, ოთხწლიანი მანდატი 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)