ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე 24 დეკემბერს სასამართლო დარბაზში დააკავეს მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის განჩინება, რომელმაც გასულ კვირას ხარშილაძე 400 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ხარშილაძე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე 16 დეკემბერს დააკავეს და მათი კომპანიის „გრინსერვისის“ საქმიანობასთან დაკავშირებით წარუდგინეს ბრალი. ეს კომპანია თბილისის მერიის კონტრაქტორი იყო და ძირითადად გამწვანების სფეროში უწევდა დედაქალაქს მომსახურებას. კომპანია და მისი სადავო გარიგებები მერიასთან მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც გაჟღერდა ბრალდებები კონტრაქტების გაბერილ ხარჯებთან დაკავშირებით.

ორი ყოფილი თანამდებობის პირის დაკავება სხვა მიზეზების გამოც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.  სანამ თბილისის მერიაში დაიწყებდა მუშაობას, კობა ხარშილაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო, როცა ის 2005 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს. 

2006 წლის მაისში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ნინო ჟვანია აცხადებდა, რომ ახალგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას კობა ხარშილაძემ ჯიბიდან გასაღებები ამოაცალა, წავიდა კანცელარიაში და პრემიერ–მინისტრის სეიფი გახსნა, "სადაც ვეღარ ვიპოვეთ 2004 წლით დათარიღებული დოკუმენტები“.

24 დეკემბერს, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ხარშილაძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ჟვანიას დაცვის უფროსად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება და რომ ახლა ხელისუფლება რაღაც „აბსურდის“ შეთითხნას ცდილობს.

ჟვანიას საქმის გამოძიება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ განახლდა.

ხარშილაძე და ფურცხვანიძე 16 დეკემბერს დააკავეს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით და ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 დეკემბერს, თითოეული 400 000 ლარიანი გირაოთი,  გაათავისუფლა. როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე გირაოს ოდენობის შემცირებას, ხოლო ბრალდების მხარე ორივესთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.

24 დეკემბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე ხარშილაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე საკუთარი მოთხოვნის გამყარებას იმით აპირებდა, რომ ამ უკანასკნელმა თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა ქვეყნის დასატოვებლად. ხარშილაძემ უარყო ბილეთის დაჯავშნის ფაქტი და განაცხადა, რომ ეს ბრალდების მხარის მოგონილია, რათა მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა გაემართლებინა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ხარშილაძეს პასპორტის ჩაბარება მოსთხოვეს და იგი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას; ადვოკატების თქმით, ხარშილაძე თვითმფრინავის ბილეთს არ დაჯავშნიდა ქვეყნის დასატოვებლად, არამედ თურქეთში გაემგზავრებოდა, რადგანაც თურქეთთან საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობის მოწმობითაც კი არის შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)