დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი დაინიშნა
დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გელა ბეჟუაშვილი შეცვალა.
სუჯაშვილი 2012 წლის ბოლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე 1999 წლიდან ის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 დეკემბერს დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ ხელმძღვანელებს შეხვდა. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურის განვითარება „პრიორიტეტს“ წარმოადგენს.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაზვერვის სამსახურის დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს ამჟამად არსებული 5 მილიონი ლარიდან 8 მილიონ ლარამდე.
პრემიერ–მინისტრმა ბეჟუაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ბეჟუაშვილი დაზვერვის სამსახურს 2008 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა; მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო; ბეჟუაშვილი დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის ძმაა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა ნოემბერში დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)