პარლამენტის ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

პარლამენტმა 27 დეკემბერს პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკოპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილებები, რაც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს კენჭისყრის გარეშე ჩამოაყალიბოს ნდობის ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს და საიდუმლო სამხედრო შესყიდვებზე ზედამხედველობის უფლება აქვს.

ახალ პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნის გაჭიანურება კანონპროექტის ინიციატორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ის წინააღმდეგობაც, რომელიც არსებობდა ქართული ოცნების დეპუტატებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ნდობის ჯგუფში მის კანდიდატად დასახელებულ გივი თარგამაძის მიმართ.

არსებული წესით, პარლამენტი პერსონალური კენჭისყრის საფუძველზე ირჩევს ნდობის ჯგუფის 5 წევრს, რომელთაგანაც ერთი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით წარდგენილი მაჟორიტარი; ხოლო ორი უმცირესობის ან იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელიც არ განეკუთვნება არც უმრავლესობას და არც უმცირესობას.

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, ნდობის ჯგუფის წევრების არჩევას კენჭისყრა არ დასჭირდება და ჯგუფი მას შემდეგ დაკომპლექტდება, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს შესაბამისი კვოტებით წარდგენილ კანდიდატებს. თუმცა პარლამენტისთვის წარდგენამდე, აუცილებელ პირობად რჩება ის, რომ კანდიდატებმა უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად.

ნაციონალური მოძრაობა მიესალმა ცვლილებებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმ გამოსავლით, რომელიც ნდობის ჯგუფის ფორმირების ჩიხური ვითარებიდან გამოიძებნა.