თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო
თბილისის საკრებულომ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ზაფხულში უმრავლესობა დაკარგა, დედაქალაქის მერიის მიერ მომზადებული 2014 წლის ბიუჯეტი პროექტი ჩააგდო.
პროექტის მიღებას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 21-ის წინააღმდეგ, ხოლო 3-მა თავი შეიკავა 29 დეკემბერს გამართული კენჭისყრის დროს, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე საათიანი მწვავე დებატები, რომლის დროსაც ქართული ოცნებისა და ზოგიერთი სხვა დეპუტატი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ არიან, აცხადებდნენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არ იყო საკმარისად გამჭირვალე და მისი ხარჯები ნაციონალური მოძრაობის საჭიროებებზე იყო მორგებული.
კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად, თუ საკრებულო 2014 წლის 11 მარტამდე არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, პრეზიდენტს მისი დათხოვნა შეეძლება.
„თბილისის მერიამ საკრებულოში ვერ გაიტანა ბიუჯეტი, რომლის გამოყენებაც [ნაციონალური მოძრაობის] პარტიული ინტერესებისთვის უნდოდა. პარტიას არ უნდა მიეცეს ბიუჯეტით არჩევნების დაფინანსების საშუალება", – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში 2012 წლის სექტემბერში გადავიდა.
სევდია უგრეხელიძემ, რომელიც მერის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა, განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა მზად იყო კონსტრუქციულად ეთანამშრომლა საკრებულოსთან და მხედველობაში მიეღო მისი შენიშვნები, თუმცა საკრებულომ, მისი თქმით, ამ წინადადებების წარდგენა დააგვიანა.
საკრებულოს მიერ 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდების შემდეგ, მერია უფლებამოსილია გაწიოს სხვადასხვა ხარჯები, როლებიც ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ხარჯების 1/12-ს. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ ამ წესის თანახმად, მერიას, ახალი ბიუჯეტის მიღებამდე, შეუძლია დაახლოებით 60 მლნ ლარის დახარჯვა ყველა არსებული პროექტის დასაფინანსებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)