ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძემ გადადგომის თაობაზე „სწორი გადაწყვეტილება“ მიიღო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ოთარ ფარცხალაძის გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების თაობაზე, როგორც „ღირსეულ ნაბიჯს“ და „სწორ გადაწყვეტილებას“.

„ეს იყო მისი ჟესტი და გადაწყვეტილება, რაზეც მე დავეთანხმე“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, 30 დეკემბერს საღამოს განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, რადგან ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს და ამავე დროს, არ სურს ჩრდილი მიაყენოს მიმდინარე გამოძიებების ლეგიტიმაციასა და მმართველ პოლიტიკურ პოლიტიკურ ძალას.

„პირველივე დღეს მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რომ მის ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა მაშინვე, განაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე, რომ უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში. ახლა გახდა ცნობილი, რომ ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და გაჩნდა კითხვები, ამდენი მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სამართლიანობის დამკვირდების პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დავაკმაყოფილეთ“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენ არასდროს არ გავაკეთებთ იმას, რაც მიუღებელი იქნება, პირველ რიგში, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან კომენტარში.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომა არის იმის დადასტურებაც, რომ პროკურატურის საქმიანობას ექნება „ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია“.

„ჩვენ ინტერესებში არის, რომ არავის არ ქონდეს რაიმე ეჭვი ამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ იქნება ეს ადგილობრივი საზოგადოება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძის შემცვლელთან დაკავშირებით „მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი“ და ახალი მთავარ პროკურორი რამდენიმე დღეში დასახელდება.