რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელწოდება შეეცვალა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი" ეწოდა 2014 წლის 1 იანვრიდან – ეს ნაბიჯი, თბილისის თქმით, ცხინვალთან და სოხუმთან ჩართულობას დაეხმარება.

უწყებისთვის სახელმწოდების შეცვლას ევროკავშირი მიესალმა. დეკემბერში გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მოუწოდა საქართველოს მთავრობას „გააგრძელოს ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით“.

სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც ასევე მოიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ფუნქციებსაც, თავდაპირველად კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერქვა. 2008 წლის იანვარში, როდესაც მას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეწოდა, ახალმა სახელწოდებამ სოხუმის და ცხინვალის უკმაყოფილება გამოიწვია; იმ დროს ორივე სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კიდეც, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ მოლაპარაკებებში „რეინტეგრაციის“ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან. 2008 წლის ივლისში, მაშინდელმა პრეზიდენტმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მიანიჭა რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს. 

ამ უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი მარტში აცხადებდა, რომ  მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამინისტროსთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილებას ხელს არ აწერდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)