საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვას და საქართველოს ეწვევიან
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ლორენ ფაბიუსი და ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი, ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან მოლდოვას და საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კოორდინაციის გაძლიერების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რაც ასევე მოიცავს კოორდინაციის გაძლიერებას იმ რეგიონების და ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 21 იანვარს პარიზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ორი საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდა „მნიშვნელოვნად გააძლიერონ თანამშრომლობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის“ და ერთმანეთთან კონსულტაციები გამართონ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრების წინ. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ვიზიტები განახორციელონ იმ რეგიონებში, რომლებიც ორივე ქვეყნის და ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ და შემდეგ ამ ვიზიტების შესახებ თავიანთ შესაბამის პარლამენტებს მიაწოდონ ინფორმაცია.
ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ პირველი ასეთი ერთობლივი ვიზიტი მოლდოვასა და საქართველოში განხორციელდება. ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე განახორციელეს.
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში დეკემბრის ბოლოს გამართულ ორდღიან სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, დააჩქარონ პროცესი და საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს „რაც შეიძლება სწრაფად მოაწერონ ხელი, არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოს ბოლოსი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)