ღარიბაშვილი: კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას

გარდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს საქართველოში – სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია; ისლამური და იუდეური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ეს განცხადება 27 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელმაც განიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივა „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცებაზე". 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას „კომპენსაციის“ სახით  იმ „დევნის“ გამო მიიღებენ, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს.  დაფინანსების სქემის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„მინდა გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომლებიც გვესმის მედიაში, რომ თითქოს ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიის ნიადაგზე კონფლიქტები და მსგავსი რამ,  რაც კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს. არათუ ჩვენი მთავრობის დროს გართულდა რაიმე, არამედ პირიქით, მხოლოდ გაუმჯობესება გვაქვს ამ მიმართულებით და გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ეხება ოთხი რელიგიური მიმართულების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან ეს რელიგიები საბჭოთა პერიოდის დროს იდევნებოდა საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„დაფინანსება გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროპორციულად გადანაწილდება ამ რელიგიებზე იმისათვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს კომპენსირება, ვინაიდან ეს რელიგიები იდევნებოდნენ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ეს მართლაც უპრეცედენტოა არა მმხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაშიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზოგადად არ აფინანსებენ რელიგიებს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მართლაც გვაქვს სამართლიანი საფუძველი… ეს არის მეტად სასარგებლო და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებას და სრულ ინტეგრაციას“.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ლუთერანული ეკლესიის დაფინანსების საკითხიც განიხილება „შემდგომი ეტაპისთვის“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო, განაცხადა როდესაც მას პრემიერ–მინისტრის განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომ მას ჯერ დეტალური ინფორმაცია არ აქვს ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით.     
 
„ჩემთვის შერჩევის პრინციპი ცნობილი არ არის. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გარანტი და ბუნებრივია, ეს საკითხები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინტერესებს. მე დეტალურად გავეცნობი ამ კანონპროექტს, ამ შეხედულებას და შემდეგ მოგახსენებთ ჩემ აზრს ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.   

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით სპეციალური სტატუსით და მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს, ერთადერთი რელიგიური გაერთიანებაა ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს შეფასებით, 2002 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 200 მილიონი ლარი მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)