მთავრობა ოთხი რელიგიური კონფესიისთვის წელს 4.5 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია; ისლამური და იუდეური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში წელს საერთო ჯამში 4.5 მილიონ ლარს მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე მაინც, ეს ერთჯერადი აქცია იქნება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გაგრძელდება განხილვები, თუ როგორ გაგრძელდეს დაფინანსება შემდგომ წლებში.

განცხადება ამ ოთხი რელიგიური კონფესიისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან  დაფინანსების სქემის დეტალების დაზუსტების გარეშე განაცხადა, რომ ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას „კომპენსაციის“ სახით  იმ „დევნის“ გამო მიიღებდა, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს.  მისი თქმით, ეს იმის დადასტურებაც იქნება, რომ სახელმწიფო თანაბრად სცემს პატივს ყველა რელიგიურ კონფესიას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ, რომ 4.5 მილიონი ლარი ოთხივე რელიგიურ გაერთიანებაზე „პროპორციულად“ გაიყოფა. თუმცა გადანაწილების წესი და ზუსტი კრიტერიუმები ჯერ კიდევ დასადგენია.

ზაქარეიშვილის განცხადებით, რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელმა უწყებათაშორისმა კომისიამ და შემდეგ უკვე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდეს იმ რელიგიური გაერთიანებებისთვის „ზარალის ანაზღაურება, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მხრიდან სისტემური წნეხის ქვეშინ იყო".

„ამ ფორმულირებით, დიდი ხანია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს საპატრიარქოს – მართლმადიდებელ ეკლესიას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო „ადასტურებს“ საბჭოთა პერიოდში ეკლესიისათვის „მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს“ და „იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე“. 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი რელიგიური გაერთიანებაა ქვეყანაში, რომლის დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.  თუმცა ბიუჯეტში არსადაა ნახსენები, რომ ეს დაფინანსება „კომპენსაციას“ წარმოადგენს. 2014 წლის ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარს შეადგენს. საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს დაანგარიშებით, 2002 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში საპატრიარქომ სახელმწიფოსგან დაახლოებით 200 მილიონი ლარი მიიღო.
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და მას „დადებითი მოვლენა“ უწოდა.

საპატრიარქოს მიერ 27 იანვარს გავრცელებულ მოკლე წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“.

თავის ბოლო ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ  „დისკრიმინაციულია“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  დაფინანსების გამოყოფა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 27 იანვარს, რომ მათი რეკომენდაცია იყო, რომ დაწყებულიყო დისკუსია დაფინანსების მოდელის შესამუშავებლად. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობამ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა, მაგრამ „რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, ვინ უნდა მიიღოს დაფინანსება და ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არავინ არ უნდა დარჩეს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“.

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „მრავალეროვანი საქართველო“ მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას და განაცხადა რომ ეს „წარმოადგენს უპრეცენდენტო პოლიტიკური ნების გამოვლინების ფაქტს საქართველოს უახლეს ისტორიაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.“

თუმცა მან მოუწოდა მთავრობას ოთხ რელიგიურ გაერთიანებას კიდევ სამი დაამატოს – ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ეზიდთა თემი, „რომელთა წარმომადგენლების მიმართაც ასევე განხორციელდა რეპრესია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან.“

სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ გაგრძელდება დისკუსიები სხვა რელიგიური გაერთიანებების დამატების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)