თბილისის ბიუჯეტის ირგვლივ მიმდინარე დავა დედაქალაქის მთავრობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა

საბიუჯეტო დავა თბილისის საკრებულოს და მერიას შორის 31 იანვარს კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საკრებულოს ხელმძღვანელობამ დედაქალაქში ახალი მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, ხოლო ამჟამად კოალიცია ქართულ ოცნებაშია, განაცხადა, რომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი იმ შემთხვევაში დამტკიცდება, თუ ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება; ამჟამად, თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ შტოს ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს.

დეკემბრის ბოლოს თბილისის საკრებულომ, რომელშიც ნაციონალურმა მოძრაობამ შარშან ზაფხულში უმრავლესობა დაკარგა, თბილისის მერიის მიერ წარდგენილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი 18 ხმით 21–ის წინააღმდეგ ჩააგდო; 3 დეპუტატმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. ქართულ ოცნებას 46–წევრიან საკრებულოში უმრავლესობა ყავს იმ წევრთა ხარჯზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობიდან გადავიდნენ ქართულ ოცნებაში.

თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, ცენტრალურ მთავრობას უფლება ექნება პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს საკრებულო და თბილისის მთავრობა და პირდაპირი მმართველობა შემოიღოს ქალაქზე, მათ შორის 45 დღით ახალი მერის დანიშვნის გზით. ამ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, გაიმართება არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.

ქართულმა ოცნებამ, ასევე საკრებულოს სხვა რამდენიმე წევრმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ არიან, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგანაც მათი თქმით, პროექტი არ იყო საკმარისად გამჭირვალე და ხარჯვითი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საჭიროებებს იყო მორგებული. საკრებულოს, ამჟამინდელი კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ხელისუფლების დათხოვნის უფლება არ აქვს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა 31 იანვარს, რომ დედაქალაქის ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს, რაც უზრუნველყოფს დედაქალაქის ბიუჯეტის გამჭირვალე ხარჯვას. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილი 785 მილიონ ლარს შეადგენს. 

„იმისათვის, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა თბილისის ბიუჯეტში დაიწყებს ხელების ფათურს და მას საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენებს, მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, მრავალპარტიულ საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდეს თბილისის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი მთავრობის წევრები მზად არიან დატოვონ პოსტები, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს და მას შემდეგ, რაც საკრებულოს ის წევრები, რომლებიც ადრე ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ, ასევე დატოვებენ თავიან თანამდებობებს საკრებულოში, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე შიხიაშვილი.

სევდია უგრეხელიძე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ გახდა, რაც გიგი უგულავას სასამართლომ დეკემბერში ბრალდების მხარის შუამდგომლობით უფლებამოსილება შეუჩერა; უგულავას ბრალად ედება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენება სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. თავად უგულავა ამ ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ არჩეულ მერს უფლებამოსილება შეუჩერდა ისე, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებთან დაკავშირებით არც ყოფილა გასამართლებული.   

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა მის შემოთავაზებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პასუხს „ბოდვა“ უწოდა. „გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს 50  მილიონის ქურდობისთვის ბრალდებული გურუ მართავდა და დღესაც მართავს, მათთვის 800 მილიონიანი ბიუჯეტის მიცემა დიდ საფრთხეს წარმოადგენს თბილისელებისათვის“, – განაცხადა მან.

"თუ მათ არ ეყოფათ გონიერება და არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ კანონით წავალთ ჩვენც და წავლენ ისინიც და პოლიტიკურ ველზე იქნება სრული თავისუფლება მოქმედებისა ყველა პოლიტიკური ძალისთვის და ვისაც აირჩევს მოსახლეობა ის იქნება ქალაქის მმართველი", – განაცხადა შიხიაშვილმა და ამით მიანიშნა  კანონის იმ დებულებაზე, რომელიც ცენტრალური მთავრობის მიერ დედაქალაქის მმართველობაზე პირდაპირი კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო 11 მარტამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს.

საკრებულო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს 12 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)