ანქვაბი ვიცე–პრეზიდენტის პოსტის გაუქმების ინიციატივით გამოდის
აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა 31 იანვარს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შესთავაზა, რომელიც ვიცე–პრეზიდენტის პოსტის გაუქმებას ისახავს მიზნად, იტყობინება „აფსნიპრესი“.
სეპარატისტული აფხაზეთის კონსტიტუციით, ვიცე–პრეზიდენტის არჩევა პრეზიდენტთან ერთად ხდება და ის პრეზიდენტის შემდეგ პირველი პირია, რომელსაც მოყვება პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მიხაილ ლოგუამ, რომელმაც ანქვაბთან ერთად იყარა კენჭი 2011 წლის არჩევნებში ვიცე–პრეზიდენტად, დეკემბერში ჯანმრთელობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„აფსნიპრესი“ იტყობინება აფხაზეთის ლიდერის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ვიცე–პრეზიდენტის ინსტიტუტის „ხარვეზი“, განსაკუთრებით ისეთ სისტემებში, სადაც ასევე არსებობს პრემიერ–მინისტრის პოსტი, ის არის, რომ ვიცე–პრეზიდენტის მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები არ არსებობს. მისი თქმით, მართალია ვიცე–პრეზიდენტი მეორე პირია ქვეყანაში, მაგრამ ფაქტიურად ამ თანამდებობის პირს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, იმაზე ნაკლებიც კი, ვიდრე პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ვიცე–პრეზიდენტის პოსტმა გარკვეული მნიშვნელობა ცხრა წლის წინ შეიძინა მას შემდეგ, რაც ის რაულ ხაჯიმბამ, ამჟამად ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დაიკავა მასსა და აფხაზეთს გარდაცვლილ ლიდერ სერგეი ბაღაფშს შორის ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს.
აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს 2010–2011 წლებში ვიცე–პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)