სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის განცხადებით, მისი ლიდერი სოჭის ოლიმპიადაზე დაპატიჟეს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიიწვია სოჭში, განაცხადა თიბილოვის პრესსპიკერმა.
„ლეონიდ თიბილოვი ასევე მიწვეულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებაზე“, – განაცხადა განა იანოვსკაიამ, სეპარატისტული ლიდერის პრესსპიკერმა სამხრეთ ოსური და რუსული სააგენტოების თანახმად.
რუსეთის მიმართ თბილისის კონსტრუქციულ ნაბიჯებზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა 1 თებერვალს, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ გამოეცხადებინათ ბოიკოტი სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის. „ჩვენთვის ნამდვილად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ჩვენ მოუგვარებელი კონფლიქტები გვაქვს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან“, – განაცხადა მან.
თბილისში 1 თებერვალს საპროტესტო აქცია გაიმართა სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას სექტემბერში დაფიქსირებული 76%-დან ნოემბერში 66%-მდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. საქართველოს დელეგაციის ნაწილი, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სოჭში 4 თებერვალს გაემგზავრა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენს: სამი სამთო მოთხილამურე – ნინო წიკლაური; იასონ აბრამიშვილი; ალექსი ბენიაიძე; და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ასპარეზობდა როგორც 2006 წლის, ისე 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)