რელიგიის საკითხებზე ახალი სახელმწიფო სააგენტო იქმნება
მთავრობამ 7 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა ახალი სახელმწიფო სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომელიც რელიგიურ საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებს.
ახალი სააგენტო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას დაექვემდებარება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის ხელმძღვანელს პრემიერი ღარიბაშვილი დანიშნავს.
სააგენტოს შექმნას დაახლოებით სამი თვით უსწრებდა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის შექმნა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ ახალი სტრუქტურა, რომლის მსგავსიც ამ დრომდე არ არსებობდა, რელიგიური ორგანიზაციების სხვადასხვა საკითხზე იმუშავებს, მათ შორის „საბჭოთა რეჟიმის მიერ დაზარალებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობისთვის ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამიზნული თანხის განკარგვაზე“.
იანვრის ბოლოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, რომელთანაც სახელმწიფოს საკონსტიტუციო შეთანხმებით დარეგულირებული ურთიერთობები აკავშირებს, დამატებით დაფინანსდება ოთხი რელიგიური გაერთიანება – ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია. მიმდინარე წელს ამ მიზნით 4.5 მლნ ლარის გამოყოფა არის ნავარაუდევი.