ალასანია საქართველოს ნატოში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ‘ახალ ინსტრუმენტს’ ელის
საქართველო სექტემბერის დასაწყისში ნატოს სამიტზე უელსში „ახალი ინსტრუმენტის“ მიღებას ელის ალიანსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ეს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება, თუ რამე სხვა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 10 თებერვალს.
„მაღალი ალბათობა არის იმის, რომ ჩვენ მომდევნო სამიტზე გვექნება ახალი ინსტრუმენტები, რომ გავაგრძელოთ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან. ამას დაერქმევა MAP, თუ ამას დაერქმევა სხვა ინსტრუმენტი… ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“– თან ინტერვიუში.
2014 წლის 5 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისთვის გაგზავნილ წერილში ორმოცმა ამერიკელმა კონგრესმენმა მონტენეგროსა და მაკედონიისთვის ნატოს წევრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ნატოს წლევანდელ სამიტზე; მათ ასევე მოუწოდეს ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყვეტი პროგრესის ხელშეწყობისკენ და საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების მხარდაჭერისკენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წერილი გადაითარგმნება სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ ქმედებებში, როგორც ნატოს შტაბბინაში, ასევე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში“, – განაცხადა ალასანიამ.
ამერიკელი კონგრესმენების წერილის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ამჟამად რუმინეთს სტუმრობს, განაცხადა, რომ ის „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი 2014 წლის ნატოს სამიტის მიმართ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, როგორ აისახება საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ნათელი: საქართველო ელის პროგრესს 2014 წლის ნატოს სამიტიდან“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ეს პროგრესი რა ტერმინოლოგიით იქნება გამოხატული ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ველით პროგრესს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ეს ესმით ჩვენს პარტნიორებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროგრესის დადასტურება იქნება“.
„ნატოს წევრობა არის ჯერ კიდევ მომავლის ამოცანა, მაგრამ ნატოსთან მიახლოება, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის, ეს პროცესია, რომელიც წელს გაძლიერდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო – სამხედრო კომიტეტი, რომელიც სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება, ორდღიან ვიზიტს საქართველოში 11 თებერვალს დაიწყებს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ალიანსისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნოს და შეაფასოს ქვეყნის მზადყოფნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)