ღარიბაშვილი: ქართული ოცნება მერების და გამგებლების არჩევის 50%–იან ბარიერზე დათანხმდა

კოალიცია ქართული ოცნება დათანხმდა, რომ 50%–იანი ბარიერი შემოიღოს თვითმმართველი ქალაქების მერების და ასევე გამგებლების ასარჩევად წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე, ნათქვამია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ 17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტით, რომელიც უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად, თორმეტი მერი 40%-იანი ბარიერით, ხოლო გამგებლები 33%-იანი ბარიერით იქნებიან არჩეულნი.

ამჟამად, თბილისის მერის ასარჩევად, რაც ერთადერთი არჩევითი აღმასრულებელი თანამდებობაა ადგილობრივ დონეზე, 30%-იანი ბარიერია დაწესებული.

50%–იანი ბარიერის შემოღება არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და ზოგიერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

აქამდე ქართული ოცნება ბარიერის 50%–მდე გაზრდის წინააღმდეგი იყო; მისი ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ უფრო მაღალი ბარიერი მეორე ტურის შანსებს გაზრდიდა, რასაც შედეგად მოყვებოდა დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის აუცილებლობა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა 17 თებერვლის განცხადებაში, რომ ღარიბაშვილი, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერიცაა, 50%–იანი ბარიერის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა  გამართა შეხევდრა  და დაითანხმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.