აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა განჯაში

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 19 თებერვალს განჯაში გაიმართა, რაც უკვე მესამე სამმხრივი შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 2012 წლის შემდეგ, როდესაც ტრაბზონში ამ ფორმატს ჩაეყარა საფუძველი.

შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაიწყონ მზადება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის, რომელიც სავარაუდოდ თბილისში მაისში გაიმართება.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ პრეზიდენტების დონეზე პირველი ასეთი შეხვედრა შედგეს თბილისში მაისში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იანვარში თურქეთს სტუმრობდა, ხოლო 12 თებერვალს მან ბაქოში  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები.

განჯაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ სამ ქვეყანას "უპრობლემო" ურთიერთობები აქვს.

შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის რაც შეიძლება მალე დასრულების მნიშვნელობაზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ხაზი გაუსვა რკინიგზის რაც შეიძლება მალე დასრულების მნიშვნელობას იმ კონტექსტში, რომ ის შესაძლოა ნატოს ძალებმა გამოიყენონ ავღანეთიდან ტვირთების ტრანზიტის ერთ–ერთ მარშრუტად. 

საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი სამმხრივი შეხვედრა წელს მოგვიანებით გამართონ.

19 თებერვალს სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)