საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 20 თებერვალს.

„დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, „ჩვენ ვიმსჯელეთ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო ჩაერთვება ამ პროცესში“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია განახორციელონ, რათა დაახლოებით 6 თვემდე ვადით დროებითი მხარდაჭერა აღმოუჩინონ და დედაქალაქ ბანგის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ იმისათვის, რომ შეიქმნას ყველა პირობა ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. მისიის მეთაურია ფრანგი გენერალ–მაიორი ფილიპ ფონტისი.

2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს  მონაწილეობის შესახებ.

„ეს არის ჰუმანიტარული და მორალურად გამართლებული მისია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, „ეს არის მისია, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. დაახლოებით ექვსთვიანი იქნება მისია, რომელიც დაიწყება მაისში და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული“.

„დეტალები უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი“, – დასძინა ალასანიამ, „დარწმუნებული ვარ, ეს მისია, ისევე როგორც სხვა მისიები, იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის წარმატებული“.

დღესვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდნენ და სთხოვეს მას კონსტიტუციით დადგენილი წესის თანახმად მოახდინოს აღნიშნული საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

ამჟამად, საქართველოს 1 560 სამხედრო ჰყავს ავღანეთში და ის მეხუთე უმსხვილესი კონტრიბუტორია ISAF–ის მისიაში აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და იტალიის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)