საქართველო ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს
საქართველომ 20 თებერვალს ევროკომისიასთან დაიწყო მოლაპარაკებები ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ – ორგანიზაციაში, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ენერგობაზარზე თანამშრომლობას უწყობს ხელს.
„დღევანდელი მოლაპარაკებები არის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან რეგიონული ინტეგრაციისა და ენერგეტიკის სფეროში აქტიური თანამშრომლობის გზაზე“, – განაცხადა ენერგოკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც თბილისში მოლაპარაკებებს მართავს, მათ შორის პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებისა და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვის შემდეგ, საქართველოს ექნება უფრო მჭიდრო კავშირები ევროკავშირის ერთიან ენერგობაზართან, ეს კი გამოიწვევს ინვესტიციების მოზიდვას და ენერგეტიკის სექტორის ფინანსური მდგრადობის გაზრდას.
საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულმა გუნდებმა ისაუბრეს იმ განრიგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო დანერგავს და შეასრულებს ევროკავშირის წესებს ელექტროენერგიისა და გაზის ქსელების, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, ნავთობისა და ენერგოსტატისტიკის სფეროებში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ექვსი ან რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ოქტომბერში მოქმედი ევროკომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იგეგმება.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ენერგოთანამეგობრობის წევრები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. დღეისათვის ევროთანამეგობრობაში დამკვირვებლების სტატუსით სარგებლობენ საქართველო, სომხეთი, ნორვეგია და თურქეთი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)