ყოფილი პოლიციელი და ამჟამად ადვოკატი გოგა ონიანი დააკავეს

გოგა ონიანი, შსს–ს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად ადვოკატი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას უფლებებს იცავდა სასამართლოში, კვირას საღამოს დააკავეს.

მთავარმა პროკურატურამ 24 თებერვალს განმარტა, რომ ონიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე დააკავეს 2011 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გოგა ონიანმა 2011 წელს „კოალიცია  „ქართული ოცნების“  პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით“,  „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი, რომლის კომპანიაც "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა, „უკანონოდ დააკავა“ იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა შათირიშვილი ნარკოტიკულ საშულებას ინახავდა.

„ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს პროკურატურა და იქვე აღნიშნავს, რომ ამ საბრალდებო დასკვნით შათირიშვილის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.

როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ონიანი პოლიციის მანქანამდე გადაყავდათ, მან უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ მისი დაკავება „ცალსახად“ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგანაც ის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას თბილისის საკრებულოში. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებამ ამის შესახებ შეიტყო, მისი ყოფილი ხელქვეითები პოლიციაში დაკითხეს და მის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემა აიძულეს.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა დეპუტატმა ივარაუდა, რომ ონიანის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩო ახალაიას ადვოკატობას, რომელიც სასამართლომ გაამართლა მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების ორ ეპიზოდში, ხოლო მესამეში დამნაშავედ ცნო; ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)