მოლდოვასა და საუდის არაბეთში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვაში მერაბ ანთაძე, ხოლო საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე დანიშნა.
მერაბ ანთაძე, რომელიც მოლდოვაში თავის ახალ საქმიანობას 1 მარტიდან შეუდგება, 2009 წლიდან სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, მანამდე უკრაინაში საქართველოს ელჩი, ხოლო უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში [ამჟამინდელი სახელწოდება "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი"] სახელმწიფო მინისტრი იყო.
მერაბ ანთაძესთან 25 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, მოლდოვასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 3 აპრილიდან დაიწყებს. გიორგი ჯანჯღავა ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო ირლანდიაში, მანამდე კი იყო ელჩი ირანში, ასევე ეგვიპტესა და სირიაში.