ხელისუფლებას მოუწოდებენ არ დაუშვას არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის მოხელეთა დათხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას იმ საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლა, რომლის საფუძველზეც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თვითმმართველობების ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება და გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად კონკურსი გამოცხადდება.

აღნიშნული ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში პარლამენტმა 5 თებერვალს ახალ თვითმმართველობის კოდექსთან ერთიანი პაკეტში მიიღო. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ამ საკანონმდებლო პაკეტს, თუმცა ზოგიერთი კანონპროექტის, მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან არის განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმად, არჩევნების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე“.

ეს დებულება, როგორც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ 26 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომელიც უზრუნველყოფს  საჯარო მოსამსახურეების უფლებას დაცულნი იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.

ოთხი ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული დებულება თავდაპირველად ინიცირებულ კანონპროექტში ასახული არ ყოფილა და მისი დამატება საზოგადოების ინფორმირების გარეშე კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას მოხდა, რაც პარლამენტის "რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევაა", ვინაიდან განხილვის ამ ეტაპზე, როცა მხოლოდ სარედაქციო შესწორებაა შესაძლებელი,  პრინციპული საკითხების კანონპროექტში დამატება დაუშვებელია.

„განხორციელებული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მიზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება სერიოზულ ზიანს აყენებს არჩევნების მიმართ ნდობას. ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული ნორმის ამოქედებით საჯარო მოხელეებს შეექმნებათ არასტაბილურობის გრძნობა და ალბათობა იმისა რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში იმოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ძალიან დიდია“, – ნათქვამია ოთხი ორგანიზაციის მიერ 26 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის შენარჩუნება და მისი ამოქმედება დაუშვებლად მიგვაჩნია, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას – საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა ზომა და არ დაუშვან აღნიშნული ნორმის ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ზემოთ მითითებული ცვლილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები მისი მიღების შემდეგ ასევე გააპროტესტეს საპარლამენტო ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება იქ, სადაც გაიმარჯვებს, აპირებს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული ადამიანის სამსახურიდან გაპანღურებას“, – განაცხადა 24 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.

თბილისის მერიამ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებების გამოქვეყნებამდე, 150-ზე მეტი ვაკანსია გამოაცხადა კონკურსის წესით სხვადასხვა თანამდებობებზე თანამშრომლების შესარჩევად.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ კავშირშია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებებთან არჩევნების წინ ქართული ოცნების მომხრეების გააქტიურებისკენ.

ღარიბაშვილმა პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის რანგში გავრცელებულ მიმართვაში, 20 თებერვალს განაცხადა, რომ შეიძლება ბევრ აქტივისტს ჰქონდეს განცდა, რომ „თავდადება სათანადად ჯერ კიდევ არ დაუფასდათ“, მაგრამ „ახლა წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია ქართული ოცნება, თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩეს“.