ყოფილ პოლიციელს და ამჟამად ადვოკატ გოგა ონიანს გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა შსს–ს ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ონიანის 20 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების თაობაზე; მას გირაოს გადახდისთანავე გაათავისუფლებენ.
ონიანს, რომლის დაკავებაც 24 თებერვალს დაგმო ნაციონალურმა მოძრაობამ და მას ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილი უწოდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ბრალდება აქვს წაყენებული2011 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ონიანი უარყოფს ბრალდებებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და აცხადებს, რომ ის თბილისის საკრებულოში ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ონიანის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩო ახალაიას ადვოკატობას, რომელიც სასამართლომ გაამართლა მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების ორ ეპიზოდში, ხოლო მესამეში დამნაშავედ ცნო; ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)