პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლს ფრომანს 27 თებერვალს ვაშინგტონში შეხვდა.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ბოლო პრესრელიზის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების გაზრდასთან დაკავშირებული საერთო ინტერესები“. ამასთან, პრესსამსახურის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პირველ პრესრელიზში ეწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ „საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“.
შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი, თავისუფალ ვაჭრობაზე მინიშნების გარეშე, აღნიშნავს, რომ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგი „შეისწავლის ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდის ვარიანტებს“.
ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელებაა 2012 წლის იანვარში პრეზიდენტ ობამასა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრისა, სადაც ბარაკ ობამამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლა პირველად ახსენა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)