საქართველო აშშ–ის ადამიანის უფლებათა ანგარიშში

ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამდებობებიდან დათხოვნა და გადადგომა, სავარაუდოდ, მათი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის გამო, ლგბტ პირთა წინააღმდეგ გაზრდილი ძალადობა, რელიგიური უმცირესობების შეკრების უფლების დარღვევა და ამ საკითხებზე ხელისუფლების არასაკმარისი რეაგირება დასახელებულია იმ ძირითად პრობლემებს შორის, რომელთაც, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი.
 
27 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშში, რომელიც 2013 წელს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს, სხვა პრობლემებს შორის აღნიშნულია „პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა“ და, „მართალია გაუმჯობესებული“, მაგრამ ჯერ კიდევ სტანდარტებს ქვემოთ არსებული პირობები ციხეებში.
 
თუმცა ადგილობრივ უფლებადამცველებზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის უფრო ნაკლები შემთხვევა იყო, ვიდრე 2012 წელს. მაგრამ, მასში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურის მიერ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების რაოდენობა ჩამოუვარდებოდა მსგავსი შემთხვევების რაოდენობას.
 
„არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებდნენ, რომ… გამოძიების სისტემატიურად ჩაუტარებლობამ და ყველა სავარაუდო დამნაშავის გაუსამართლებლობამ დაუსჯელობის კულტურას შეუწყო ხელი“, – ნათქვამია ანგარიშში, „მართალია ცნობები ციხეებში წამების შესახებ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა წლის განმავლობაში არასამთავრობოებმა და სახალხო დამცველმა დოკუმენტურად დაადასტურეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულთა არასათანადო მოპყრობის, მათი ცემის, მათთვის სანიტარული პირობების დაკმაყოფილებასა და ადვოკატთან დაკავშირებაზე უარის თქმის რამდენიმე შემთხვევას“.
 
ანგარიში ასევე საუბრობს „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის“ შესახებ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები წინა მთავრობის წარმომადგენელთა „თვითნებური დევნის, სამსახურიდან გაშვების და დაპატიმრებების“ შესახებ ავრცელებდნენ ცნობებს მათი პოლიტიკური კუთვნილების ან საქმიანობის გამო.
 
თუმცა ანგარიში ასევე აცხადებს, რომ „მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის“ და დასძენს, რომ 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ხელისუფლებამ „ბრალი წაუყენა სააკაშვილის ადმინისტრაციის 50 ყოფილ მაღალჩინოსანს – მათ შორის ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და პრემიერ–მინისტრს – იმ დანაშაულებზე, რომლებიც მოიცავს მართლმსაჯულების ხელის შეშლას, სახელმწიფო სახსრების მითვისებას და ფულის გათეთრებას, შანტაჟს, პირად ცხოვრებაში ჩარევას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

წინა ანგარიშების მსგავსად, ახალ მოხსენებაშიც ნათქვამია, რომ „სასამართლო სისტემაში გარე და შიდა ჩარევა კვლავ პრობლემად რჩება“. თუმცა, წინა ანგარიშისგან განსხვავებით, ბოლო ანგარიში აღნიშნავს, რომ „გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები“ გადაიდგა და სასამართლო სისტემის მხრიდან ზედამხედველობა უფრო გამკაცრდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზოგადად, ახალი მთავრობის პროკურორები „სხვა პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდნენ, ხოლო მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს დაინიშნენ“, სხვა მხარეს.

„ამ ცვლილებით, სასამართლო სისტემის მიერ აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობა უფრო გამკაცრდა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეხებოდათ; როგორც წესი, მოსამართლეები უფრო მაღალ სტანდარტებს იყენებდნენ პროკურატურის შუამდგომლობებზე განეხორციელებინათ მოსმენები,  საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკვა და ბრალდებულების წინასწარი დაკავება. იმ საქმეებს, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირებს ეხებოდათ, სასამართლოები უფრო კრიტიკულად და დაწვრილებით იკვლევდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ საქმეებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
სახალხო დამცველზე და სასამართლოზე, დამკვირვებლებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსამართლეების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების „არასაკმარისი დასაბუთება“ კვლავ პრობლემად რჩება. თუმცა, სასამართლო დამკვირვებლებზე დაყრდნობით, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ იმ გადაწყვეტილებების წილი, რომელიც წინასწარი პატიმრობის შესახებ დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მნიშვნელოვნად შემცირდა.   
 
გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას საქმეებზე, ანგარიშში ნათქვამია: „სასამართლო პროცესებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა შეძლეს წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. მოსამართლეების უმეტესობის მხრიდან აშკარად გაუმჯობესდა მათი შესაძლებლობები სასამართლოში წესრიგის შენარჩუნებისა და პროცესში მონაწილე მხარეებისთვის უფრო მაღალი პროფესიონალიზმის მოთხოვნის თვალსაზრისით, თუმცა იმ მოსამართლეების შემთხვევაში, რომლებიც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსნების პროცესებს უძღვებოდნენ, ყოველთვის ასე არ ხდებოდა, განსაკუთრებით კი ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესზე. მაგალითად, ზოგიერთ მომენტში სასამართლომ არ შეაჩერა ახალაია, როდესაც ის უხეშად მიმართავდა მოწმეებს და პროკურორებს და ასევე როდესაც ის სიტყვას აწყვეტინებდა მოსამართლეს და პროკურორებს.“

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამართლის ექსპერტები წუხილს გამოთქვამდნენ  მერაბიშვილის სასამართლო სხდომების ნელი ტემპის გამო.
 
თებერვალში მერაბიშვილის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასამართლო პროცესი დასრულდა – ერთი 17 თებერვალს და მეორე 27 თებერვალს.
 
მერაბიშვილის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც 2013 წლის მაისში განხორციელდა, ანგარიშში ნათქვამია: „სასამართლოზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დაკავება და წინასწარი პატიმრობა, როგორც ჩანს, შეესაბამებოდა სამართლებრივი პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უფლებადამცველები გამოთქვამდნენ ბრალდებებს „პოლიტიკურად მოტივირებულ თვითნებურ“ დაკავებებზე და ამის მაგალითად მოყვანილია თბილისის მერიის 23 თანამშრომლის ხანმოკლე და ერთდროული დაკავება 2013 წლის ივნისში.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განხორციელებულ გათავისუფლებებთან ან გადადგომებთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია: „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქალაქეებმა აქციები გამართეს იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც ნაციონალური მოძრაობა კვლავ ინარჩუნებდა კონტროლს ადგილობრივ თვითმმართველობებზე; [აქციის მონაწილეები] ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეების გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ამ აქციებს, სავარაუდოდ, მოყვა თანამდებობებიდან გადადგომები ან სხვა პარტიებში გაწევრიანება; ნაციონალური მოძრაობასთან ასოცირებულმა ბევრმა პოლიტიკოსმა თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა ან კოალიცია ქართულ ოცნებაში გაწევრიანდა“.
 
ანგარიშის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ნებაყოფლობით დატოვეს პარტია. თუმცა, დოკუმენტში, უფლებადამცველებზე დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი გადადგომა რეგიონალურ ან ცენტრალურ დონეზე კოალიცია ქართული ოცნებიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი  იყო.

მედიასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „დამოუკიდებელი მედია აქტიური იყო და შეხედულებების ფართო სპექტრს აშუქებდა, თუმცა მედია საშუალებების უმეტესობამ ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკური მიკერძოება გამოხატა“.
 
„წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ჟურნალისტები ადანაშაულებდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს სარედაქციო და პროგრამული ბადის შესახებ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაში, ახალ დირექტორებთან და მედია საშუალებების ხელმძღვანელობასთან მათი პირადი კავშირების  და სარეკლამო ბიზნესის მფლობელებთან თავიანთი პირადი კავშირების მეშვეობით“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშის თანახმად, ექს–პრემიერ ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხურა მისი ოჯახის კუთვნილი „მეცხრე არხი“ იმ მოტივით, რომ თავიდან აეცილებინა მოსაზრება, რომ ის ტელეარხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, „დიდ წილად პოზიტიურ ნაბიჯად“ იქნა მიჩნეული. ანგარიში ასევე აღნიშნავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ დაეხურა ორი თოქშოუ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად მიჩნეულ ჟურნალისტებს მიყავდათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციამ და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
 
ანგარიშის თანახმად, „პოლიციამ არ დაიცვა მშვიდობიანი შეკრების უფლება“ 2013 წლის 17 მაისს, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ათასობით კონტრდემონსტრანტმა ძალადობრივად ჩაშალა.
 
ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან მუსლიმი თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. „სახალხო დამცველმა და სამოქალაქო საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული შეუწყნარებლობის და ძალადობის თაობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
„ქართული ენის ცოდნა ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის კვლავ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება; თუმცა, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და კულტურული დაბრკოლებებიც ასევე რჩება,“– ნათქვამია ანგარიშში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)