ანატოლი ფლიევი

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი

ზოგადი მონაცემები

  • ანატოლი ფლიევი დაიბადა 1953 წელს ქ. ცხინვალში.
  • 1970 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის #2-ე საშუალო სკოლა. 1972 წელს ჩააბარა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ აზია-აფრიკის ინსტიტუტში.
  • სტუდენტობის პერიოდში, 1976-1977 წლებში, მუშაობდა თეირანში, საბჭოთა კავშირის საელჩოში.
  • აზია-აფრიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1979-1981 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა ავღანეთში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის დაჯილდოვებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით.
  • 1981-1992 წლებში მუშაობდა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ კომკავშირის უმაღლეს სკოლაში (ახალგაზრდობის ინსტიტუტი). იყო უფროსი მასწავლებელი.
  • 1988 წელს ანატოლი ფლიევმა ასპირანტურა დაამთავრა და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა.
  • 1992 წლიდან ფლიევი სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში მუშაობდა. 2008-2010 წლებში იყო გამომცემლობა „Олма-политиздат“-ის და კომპანია „Росучприбор“-ის გენერალური დირექტორი, რომელიც საგანმანათლებლო ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობდა.
  • 2010-2012 წლებში კი კომპანია „Медиус“-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ყოფილი იუგოსლავიის ვალების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ეწეოდა მონტენეგროს სასწავლო-საგანმანათლებლო აღჭურვილობებით მომარაგებას, მონტენეგროსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

პოლიტიკური კარიერა

  • 2012 წლის 20 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ანატოლი ფლიევი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.
  • 2013 წლის 12 ივლისს ანატოლი ფლიევმა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოებს შორის. თანამშრომლობა შეეხება „საზღვრის“ ერთობლივ დაცვას, საიმიგრაციო პოლიტიკას, ტერორიზმს და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომისიის შექმნა, რომლის სხდომები მონაცვლეობით გაიმართება მოსკოვსა და ცხინვალში.