სასამართლომ ემზარ კვიციანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ემზარ კვიციანის წინასწარ პატიმრობაში დატოვების თაობაზე მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს მოსკოვიდან ჩამოსვლისთანავე ძებნილი კვიციანი სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს.
კვიციანს, რომელიც კოდორის ხეობაში ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწყობის ბრალდებით შვიდ წელიწადზე მეტი იძებნებოდა, დაუსწრებლად ჰქონდა წინასწარი პატიმრობა შეფარდებული.
გასამხედროებული ჯგუფის ”მონადირის” მეთაური ემზარ კვიციანი საქართველოდან 2006 წლის ივლისში გაიქცა მას შემდეგ, რაც მის მიერ მაშინდელი ხელისუფლებისთვის გამოცხადებული დაუმორჩილებლობის გამო ზემო კოდორის ხეობაში სამხედრო ოპერაცია ჩატარდა. ალყაში მოქცეულ კვიციანს სამართალდამცავებმა დერეფანი გაუკეთეს და გაუშვეს, ხოლო სამშობლოს ღალატის ბრალდებით მასზე ძებნა გამოაცხადეს. კვიციანი 2006 წლის 22 ივლისს დაუმორჩილებლობის გამოცხადების მიზეზად „მონადირის“ დაშლის გეგმებს ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით პოლიტიკური მოთხოვნებიც დააყენა.
კვიციანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობაში დატოვების საჭიროება არ არსებობდა, რადგანაც იგი თავად ჩამოვიდა ქვეყანაში. თუმცა, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კვიციანი საკუთარი სურვილით კი არ დაბრუნდა, არამედ ის დეპორტირებული იქნა რუსეთიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)