საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოში გადაიდო

საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოში გადაიდო უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ბრიუსელში 3 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ევროკავშირის რეაგირების საკითხზე იმსჯელებენ.

საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ლორენ ფაბიუსი და ფრანკ–ვალტერ  შტაინმაიერი 3–4 მარტს მოლდოვასა და საქართველოში გეგმავდნენ ერთობლივ ვიზიტს.

საქართველოს საგარეო საქმერთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ერთობლივი ვიზიტის ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იანვარში განცხადეს, რომ ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან მოლდოვას და საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კოორდინაციის გაძლიერების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რაც ასევე მოიცავს კოორდინაციის გაძლიერებას იმ რეგიონების და ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენენ.

იმავე მიზეზით ერთი დღით გადაიდო ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარის შტეფან ფულეს ვიზიტი, რომელიც თბილისში შეხვედრების დაწყებას 3 მარტს გეგმავდა. ორშაბათს ფულემ დაწერა თავის Tweeter-ზე, რომ ის ამაღამ აპირებს თბილისში გამომგზავრებას და  ხვალ გამართავს შეხვედრებს „ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და მის უკრაინელ კოლეგას ანდრი დეშჩიცას შორის 2 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრებმა აუცილებლად მიიჩნიეს, რომ „ევროკავშირმა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას მკვეთრად წარმოუჩინოს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)