ფანჯიკიძე: საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა სურს
საქართველო სთხოვს ევროკავშირს, რომ წევრობის მკაფიო პერსპექტივა იქნას ჩამოყალიბებული ან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, ან სხვა ფორმით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 3 მარტს.
„უკრაინას უნდა მიეცეს ევროპული პერსპექტივა და მიმაჩნია, რომ იგივე უნდა მოხდეს საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში. ევროპული პერსპექტივა, როგორც გამოკვეთილი მიზანი ამ ქვეყნებისა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კრიტერიუმების შესრულების შემდეგ გახდნენ ევროკავშირის წევრები, არის ძალიან დიდი სტიმული და ამასთანავე ძალიან მკაფიო სიგნალი ყველას მიმართულებით, ვისაც უნდა რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
“სწორედ ევროპული პერსპექტივა იქნება ერთ–ერთი ის საკითხი, რომელსაც ჩვენ გავაჟღერებთ ფულესთან შეხვედრაზე. საქართველოს სთხოვს ევროკავშირს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ შესაძლებელი იქნება ასოცირების ხელშეკრულებაში, თუ არადა რაიმე სხვა გზით“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფულე, რომელიც თბილისში შეხვედრებს 4 მარტს გამართავს.
ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის პარაფირებაც საქართველომ ნოემბერში მოახდინა და რომლის ხელმოწერაც ქვეყანას შემოდგომამდე სურს, წევრობის პერსპექტივას არ შეიცავს; შეთანხმების შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს.
უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირმა ამასთან დაკავშირებით ბუნდოვანი მინიშნება გააკეთა, წევრობის პერსპექტივის ხსენების გარეშე, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს 2014 წლის 10 თებერვალს, რომ საგარეო საქმეთა საბჭო გამოხატავს რწმენას, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირი–უკრაინის თანამშრომლობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)