ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისს სტუმრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რაჰიმფურმა 5 მარტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით ჯალაღანიასთან გამართა შეხვედრები.

„მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანელმა დიპლომატმა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს და მისმა ქართველმა კოლეგამ დავით ჯალაღანიამ ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სპორტის სფეროებში.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ირანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 5 მარტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)