საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსული საფრენი აპარატების თბილისის მიერ ‘კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრას’
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 6 თებერვალს ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან რუსული საფრენი აპარატები თბილისის მიერ კონტროლირებად სივრცეში „შემოიჭრნენ“ და ქართული პოლიციის საგუშაგოებს გადაუფრინეს; სამინისტრო გმობს მომხდარს და რუსეთის „პროვოკაციული ქმედებების აღკვეთისკენ მოუწოდებს“.
„2014 წლის 6 მარტს, დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფ. არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„დღესვე, 6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთში უკანონოდ განლაგებულმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფ. ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს“, – აცხადებს საგარეო უწყება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები და ვითარების დაძაბვის მცდელობები“, – ნათქვამია განცხადებაში.