ღარიბაშვილი: ‘რუსულ საფრთხეზე გადაჭარბებული საუბარი’ საჭირო არ არის

რუსეთიდან ზეწოლის საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს საფრთხე „ზედმეტად არ უნდა გადავაფასოთ“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში 6 მარტს.

როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში საქართველოს მიმართ რუსეთის შესაძლო ზეწოლაზე ჰკითხეს, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ზოგადად ამ საფრთხეებზე გადაჭარბებულად საუბარი, მე მიმაჩნია, არასწორად. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული თითოეული საფრთხე“.

„მე ვისმენ სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებს, სხვათაშორის ჩვენი გუნდიდანაც გადაჭარბებული შეფასებები მოვისმინე და ეს მიმაჩნია, რომ არასწორია, ვინაიდან მოსახლეობა ზედმეტად არ უნდა დაიძაბოს, არ სჭირდება ეს მოსახლეობას; ისედაც გვეყო რა დაძაბულობაც გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში, ეს მუდმივი ისტერიკა, რადიკალიზმი, რომელიც მომდინარეობდა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც აგრძელებენ დღესაც და მათ უნდათ, რომ ეს რადიკალიზმი, შფოთვა და ექსტრემიზმი შემოიტანონ ჩვენთანაც; ამას ისინი ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ამ სიტუაციაში ემოციების დრო არ არის; ჩვენ არ გვჭირდება ემოციები, ჩვენ გვჭირდება ცივი გონებით  აზროვნება და პრაგმატული მიდგომა“, – დასძინა მან.

„მიმაჩნია, რომ საფრთხეები, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ ჩვენ ზედმეტად არ უნდა გადავაფასოთ აღნიშნული საფრთხეები. რუსეთს საქართველოზე ნაკლები ბერკეტები აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მოსახდენი უკვე მოხდა, როდესაც 2008 წელს დაიწყო ომი, „რაც თავიდან ვერ აიცილა სააკაშვილმა“.

მისი თქმით, მართალია რუსეთმა გაუხსნა ბაზარი ქართულ პროდუქციას, რასაც საქართველოდან რუსეთში 2013 წელს ექსპორტის ოთხჯერადი ზრდა მოყვა 190.2 მილიონ აშშ დოლარამდე, თბილისი მაინც ნაკლებად დამოკიდებულია მოსკოვზე.

„რომც მოხდეს ემბარგოს დადება – თუმცა მე მიმაჩნია, რომ რუსეთი აღარ დაადებს ემბარგოს, რადგანაც მას არ სჭირდება ეს – ამას აღარ ექნება ისეთივე ნეგატიური ეფექტი, როგორიც ჰქონდა 2006 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარი ძალიან დამოკიდებული იყო რუსეთის ბაზარზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია 2006 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა ქართული პროდუქციის  რუსულ ბაზარზე იმპორტი აკრძალა.

მისი თქმით, თბილისს აქვს „კონსტრუქციული და გონივრული პოლიტიკა“ რუსეთის მიმართ, რასაც, მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები მიესალმებიან.

„არავის არ სურს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს, რომ რუსეთთან გვქონდეს დალაგებული, ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ… ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული არის ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ რუსეთს და ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ მიმართულებით უნდა მოვახდინოთ პროგრესი. ჩვენი ევროპული არჩევანი არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკასთან იმიტომ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მტერი რუსეთის. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი და ჩვენ არ ვაძლევთ რუსეთს არავითარ საბაბს, რომ საქართველო დაადანაშაულოს რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში. პირიქით, სამწუხაროდ, არაადეკვატური და შეუთავსებელი იყო ჩვენს მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან რუსეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები – იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში, მე ვგულისხმობს მავთულხლართების ინსტალაციას… საქართველო და ჩვენი ხელისუფლება არასოდეს არ მისცემს რუსეთს იმის საბაბს, რომ საქართველო დაადანაშაულონ რაიმე პროვოკაციებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მას მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მძიმე ტვირთი გახდა თავად რუსეთისთვის.

ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, როდესაც მას ჰკითხეს, მოიხსენიებდა თუ არა ის რუსეთს, როგორც საქართველოს მტერს და განაცხადა: „რუსეთთან ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს, რის შედეგადაც მივიღეთ მათი მხრიდან აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი; ეს არის რეალობა; ჩვენ გვსურს, რომ ეს რეალობა გარდავქმნათ და დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკასთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)