თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ 7 მარტს დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მანამდე შეთავაზებული პროექტები ორჯერ ჩააგდო დეკემბრიდან მოყოლებული.
ბიუჯეტს მხარი 41 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა თავი ორმა დეპუტატმა შეიკავა; კენჭისყრა ბიუჯეტის დამტკიცების საბოლოო ვადის ამოწურვამდე ოთხი დღით ადრე შედგა – ამ ვადის გასვლის შემდეგ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შესაძლოა საკრებულოსა და ქალაქის მთავრობის დათხოვნის და დედაქალაქში პირდაპირი მმართველობის შემოღების საკითხი დამდგარიყო დღის წესრიგში.
საკრებულო, რომელშიც კოალიცია ქართული ოცნება უმრავლესობით არის წარმოდგენილი და მერია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კონტროლ ქვეშ რჩება, ბიუჯეტის პროექტზე შეუთანხმებლობის გამო ორ თვეზე მეტი ხანი ერთმანეთთან ბრძოლის რეჟიმში იყვნენ.
ქართული ოცნება მერიის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის ვარიანტებს იმ მოტივით არ უჭერდა მხარს, რომ იყო გაუმჭვირვალე და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საჭიროებებზე მორგებული. მერიის ვარაუდით კი, ქართული ოცნება შეგნებულად აგდებდა ბიუჯეტს იმ მიზნით, რომ მერიის კონტროლი მოეპოვებინა დედაქალაქში ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი მმართველობის შემოღების გზით. თუმცა ბოლო პერიოდის კონსულტაციებში მხარეებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს.
თბილისის მერის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა 7 მარტს განაცხადა, რომ ეს კონსულტაციები იყო საქმიანი და მართალია მერია ბიუჯეტის ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება, მაგრამ მთლიანობაში დოკუმენტი მისაღებია.
„თბილისელები იქნებიან დაზღვეული იმისგან, რომ მათ ბიუჯეტს ვერავინ თავისი პარტიული ინტერესებისთვის ვეღარ გახარჯავს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ქართულ ოცნებაში გადავლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)