ცესკომ ირაკლი ოქრუაშვილის გორის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ქვემდგომი კომისიის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის ქალაქ გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე.

გორის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაბათილების მიზეზი გახდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მერად კენჭისყრა შეუძლია საქართველოს  იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელი მუდმივად უცხოვრია საქართველოში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გორის საოლქო კომისიამ კანდიდატად შაბათს დაარეგისტრირა, საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პოლიტიკური დევნილის სტატუსით.

ორწლიანი საცხოვრებელი ცენზის დარღვევის გამო ოქრუაშვილის კანდიდატურის რეგისტრაცია მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერმა სერგო ჯავახაძემ და "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გაასაჩივრეს ცესკოში.

ოქრუაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.