წინასწარი მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2013 წელს 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.3%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 217 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 9.2%–იანი კლება წინა კვარტალთან შედარებით.

2013 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 226 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 232 მილიონამდე, ხოლო მესამე კვარტალში 239 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

914 მილიონი აშშ დოლარიდან ნახევარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკის, საფინანსო და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორებში – 193 მილიონი აშშ დოლარი, 170 მილიონი აშშ დოლარი და 138 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.

დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ  124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სამშენებლო სექტორი – 54 მილიონ აშშ დოლარი; სამთომომპოვებითი მრეწველობა – 35 მილიონი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 32 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 27 მილიონი აშშ დოლარი.

„საქსტატის“ წინასწარი ინფორმაციით, 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი  წილი იმ კომპანიებზე მოდიოდა, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში 180 მილიონი აშშ დოლარით და 145 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. ჩინეთიდან განხორციელებულმა ინვესტიებმა 98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 95 მილიონი აშშ დოლარით; თურქეთი – 74 მილიონი აშშ დოლარით; აშშ – 57 მილიონი აშშ დოლარიტ; გაერთიანებული სამეფო – 47 მილიონი აშშ დოლარით; მალტა – 42 მილიონი აშშ დოლარით; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 33 მილიონი აშშ დოლარით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)