საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი წევრების შერჩევის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  11 მარტს ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

ახალი კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა ორი თვის წინ ჩატარებული პირველი კონკურსის შედეგად 9-წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება ვერ მოახერხა, რადგან მხოლოდ ოთხი მეურვის არჩევა შეძლო. ახალი საბჭოს ფუნქციონირების დასაწყებად კი, კანონის თანახმად, სულ ცოტა შვიდი წევრის არჩევაა სავალდებულო.

საკონკურსო პირობების თანახმად, მასში მონაწილეობაზე განაცხადი 26 მარტის 18:00 საათამდე შეუძლიათ წარადგინონ საზოგადოებრივი ნდობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

დავით უსუფაშვილმა 11 მარტს თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ "ზოგიერთ უსაფუძვლო კითხვასა და ეჭვზე მკაფიო და ცალსახა პასუხის გაცემის მიზნით" ის პარლამენტს იმავე 9-წევრიან საკონკურსო კომისიას  წარუდგენს დასამტკიცებლად, რომელმაც წინა კონკურსის დროს შეარჩია კანდიდატურები.

ამ კომისიის წევრთა უმეტესობამ გააკრიტიკა პარლამენტი იმის გამო, რომ სამეურვეო საბჭო დაუკომპლექტებელი დარჩა. ზოგმა მათგანმა ისიც განაცხადა, რომ უარს იტყოდა საკონკურსო კომისიაში ხელახლა მონაწილეობაზე.

თუმცა უსუფაშვილის განცხადებით, „მიუხედავად ამ საკითხზე ადრე გამოთქმული შეხედულებებისა, მათ თანხმობა განაცხადეს პარლამენტის მიერ ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე“. 

„დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველა გავითვალისწინებთ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას და წარმატებით დავასრულებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებას“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

სამეურვეო საბჭოში პარლამენტში გამართული კენჭისყრის ორი ტურის შედეგად, რომელთაგანაც პირველი დეკემბრის ბოლოს, ხოლო მეორე 23 იანვარს შედგა, შემდეგი ოთხი წევრია არჩეული: მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი სახალხო დამცველის კვოტით; ნათელა სახოკია – ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით; და ქეთევან მსხილაძე – ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობას ორი კანდიდატის; უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ასევე ორი კანდიდატის; და აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ იმ კანდიდატებიდან, რომელსაც საკონკურსო კომისია შეარჩევს. პარლამენტს წარდგენილი კანდიდატების არჩევა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედით შეუძლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)